პრივატ კლინიკის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ უნდა ჩაითვალოს ლაბორატორია და მრავალწლიანი ისტორიის მქონე სისხლის ბანკი. ლაბორატორია აღჭურვილია ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ის აპარატურით. აქ კომპლექსური ანალიზატორების წყალობით, ტარდება ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები. ფუნქციონირებს სისხლის ბანკი, რაც საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია სისხლის ბანკის არსებობის ხანგრძლივი ისტორია. იგი დიდი ტრადიციის მქონეა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში “ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში” ფუნქციონირებდა. ყაზბეგის გამზირიდან ახალ მისამართზე ინსტიტუტმა კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად გადმოინაცვლა. გამოცდილი გუნდი და მსოფლიოში წამყვანი კომპანიის ანალიზატორები ხარისხის, სიზუსტისა და სისწრაფის გარანტიას იძლევა.
სისხლის ბანკში დონორთა შერჩევა თერაპევტის კონსულტაციისა და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ ხდება. დონორთა ჯგუფური სეროლოგიური გამოკვლევა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური იმუნოჰემატოლოგიური აპარატურით. კვლევები გადამდებ ინფექციებზე Johnson & Johnson-ის უახლესი აპარატურით ტარდება. სისხლის კომპონენტების დამზადება უმოკლეს ვადაში ხერხდება, რაც ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია ხარისხის შესანარჩუნებლად. საბოლოოდ დამზადებული პროდუქცია მაცივრებში ინახება, მომხმარებლამდე მიტანა კი ცივი ჯაჭვის მეთოდით ხდება. პროდუქციის დამზადების ყველა ეტაპზე ჩართულია ხარისხის კონტროლის სამსახური, რაც საბოლოოდ ადასტურებს, რომ სისხლი GMP – ხარისხს შეესაბამება. სწორედ ამიტომ პრივატ კლინიკის ბაზაზე არსებული სისხლის ბანკში დამზადებული პროდუქტი მოთხოვნადია, როგორც სამედიცინო დაწესებულებების ასევე, კერძო პირების მხრიდან.
სისხლის ბანკის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ნებაყოფლობითი და უანგარო დონორების ჩართულობა. “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” ამ დევიზით გასვლითი აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით სისტემატიურად იმართება. ხდება მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, რათა საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს, რომ სისხლის უანგარო დონაცია აბსოლიტურად უსაფრთხო პროცესია, მეტიც, გამღები უფრო მეტს იღებს ვიდრე მიმღები. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მოსახლების 40-50%-დან, რომელთაც შეუძლიათ იყვნენ სისხლის დონორები, 0.5%-ზე ნაკლები აბარებს სისხლს. სტატისტიკის მიხედვით კი დედამიწაზე ყოველ 3 წამში ვიღაცას სისხლი ესაჭიროება. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, თითოელმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სისხლის გაღება.