იოანე მოწყალე

წმიდა იოანე მოწყალე – ალექსანდრიელი პატრიარქი დაიბადა კვიპროსზე, მთავარ ეპიფანეს ოჯახში. იგი თხუთმეტი წლის იყო, როცა სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა საკვირველი ასული ზეთისხილის გვირგვინით თავზე, მან უთხრა: „მე დიდი მეუფის უფროსი და უსაყვარლესი ქალიშვილი ვარ. თუ ჩემი მეგობარი გახდები, წყალობას გამოგითხოვ და მის საყდართან წარგადგენ, არავის გააჩნია ისეთი კადნიერება მეუფის წინაშე, როგორც მე“. წმიდანი მიხვდა, რომ ეს ასული იყო გულმოწყალება – უმაღლესი სათნოება. „უნდა შეიწყალო მოყვასი, თუ გინდა, რომ უფალმა შეგიწყალოს“, – ფიქრობდა იგი, როცა განთიადისას ტაძრისკენ მიემართებოდა. გზად ნეტარმა იხილა შიშველი გლახაკი, რომელიც სიცივისგან ძრწოდა, გაიხადა ზედა სამოსელი, მას უბოძა და თან გონებაში გაიფიქრა: „ახლა შევიტყობ, გუშინ საღვთო ჩვენება ვიხილე, თუ ეშმაკმა განმცადა“. მაგრამ სანამ ეკლესიამდე მიაღწევდა, წმიდანს თეთრებში შემოსილი უცნობი შეხვდა, რომელმაც ფუთა გამოუწოდა და უთხრა: „მეგობარო, მიიღე ეს ასი ოქრო შენი საჭიროებებისათვის“. იოანემ მიიღო საჩუქარი და მაშინვე მიხვდა, რომ მისი ხილვა – ზეციური გამოცხადება იყო და საკუთარ თავს უთხრა: „სულო ჩემო, კმარა, ნუ ცდი უფალს!“ ამ დღიდან მოყოლებული წმიდანი საოცრად გულმოწყალე გახდა.

სულიერმა ღვაწლმა წმიდა მამას შორს გაუთქვა სახელი და, როცა ალექსანდრიის პატრიარქი გარდაიცვალა, იმპერატორმა ჰერაკლემ (610-641 წწ) სთხოვა, ეტვირთა ეკლესიის მესაჭეობა.

ნეტარი მღვდელმთავარი ღირსეულად ეზიდებოდა თავის მძიმე ჯვარს: ზრუნავდა სამწყსოს ზნეობრივ სრულყოფაზე, მაგრამ თავის მთავარ საქმედ მაინც მოწყალება და ყველა გაჭირვებულის დახმარება მიაჩნდა.

პატრიარქი კვირაში ორი დღე – ოთხშაბათი და პარასკევი – ეკლესიის კარებთან იჯდა და ყველა მოსულს გულმოდგინედ უსმენდა და ეხმარებოდა. იოანე კვირაში სამჯერ მიდიოდა საავადმყოფოებში და სნეულებს შეეწეოდა.

ეგვიპტეზე სპარსელთა თავდასხმის დროს, 641წელს, წმიდა იოანემ დატოვა ალექსანდრია და თავისი სამშობლოს – კვიპროსის გავლით კონსტანტინოპოლისკენ გაეშურა. გზაში ნეტარს საღვთო გამოცხადება ჰქონდა – სიზმრისეულ ჩვენებაში ნათელმოსილი ჭაბუკი წარდგა მის წინაშე და უთხრა: „გიხმობს მეუფე მეუფეთა“. პატრიარქი მიხვდა, რომ მისი აღსასრული მოახლოვდა, კუნძულ კვიპროსზე, მშობლიურ ქალაქ ამათუნტში გაჩერდა, განემზადა სიკვდილისთვის და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს, ნეტარი იმავე ქალაქში წმიდა ტიხონის სახელობის ტაძარში დაკრძალეს. ეკლესიამ მის მოსახსენებელ დღედ 12 ნოემბერი განაწესა.

ამჟამად წმიდა იოანე მოწყალის უხრწნელი ნეშტი განისვენებს ვენეციაში – წმიდა იოანე ნათლისცემლის სახელობის ეკლესიაში.